კამერების რაოდენობა და ტიპი, ჩაწერის დღეები, კაბელის სიგრძე, ჩამწერი და ობიექტის სირთულე.
„რა ღირს კამერების დაყენება?“ — ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც გვისვამენ. სწორი პასუხი ერთი ციფრი არ არის: გარეგნულად მსგავს ორ ობიექტს შეიძლება სრულიად განსხვავებული სისტემა დასჭირდეს. ქვემოთ — ფაქტორები, რომლებიც ფასს რეალურად განსაზღვრავენ.
1. კამერების რაოდენობა და ტიპი
- რაოდენობა — რამდენი ზონა უნდა ჩანდეს: შესასვლელი, სალარო, ეზო, ავტოსადგომი, საწყობი;
- ტიპი — IP კამერა ან ანალოგური, bullet (გარე) ან dome (შიდა), მოტრიალე (PTZ) მოდელი;
- უკაბელო ვარიანტები — Wi-Fi კამერები ან Solar + 4G კამერები იქ, სადაც კაბელის ან ელ-ენერგიის გაყვანა რთულია;
- ფუნქციები — ღამის ფერადი ხედვა, ადამიანისა და ავტომობილის ამოცნობა, გარე მონტაჟის დაცვის კლასი (IP66/IP67).
2. რეზოლუცია და ჩაწერის დღეები
რაც მაღალია რეზოლუცია და რაც მეტ დღე უნდა ინახებოდეს ჩანაწერი, მით დიდი დისკი სჭირდება ჩამწერს. დისკის მოცულობა ფასის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
კოდეკი (მაგ. H.265) და ჩაწერა მხოლოდ მოძრაობაზე ადგილს ზოგავს — ასე შეიძლება იმავე დისკზე მეტ დღე შეინახოთ.
3. ჩამწერი მოწყობილობა
NVR შეირჩევა არხების რაოდენობის (რამდენი კამერა შეიძლება მიერთდეს) და დისკების რაოდენობის მიხედვით. თუ მომავალში კამერების დამატებას გეგმავთ, ჯობია ჩამწერი რეზერვით შეირჩეს — ასე ძვირი ჩანაცვლება არ მოგიწევთ.
4. კაბელი და მონტაჟის სირთულე
ხშირად ეს ყველაზე დიდი ცვლადია:
- კაბელის სიგრძე — რამდენი მეტრია კამერიდან ჩამწერამდე;
- ღია ან ფარული გაყვანა — კაბელ-არხი, კედელში ან ჭერში;
- გარე მონტაჟი — ბოძები, მაღალი კედლები, სიმაღლეზე მუშაობა;
- PoE სვიჩები — კვება და ინტერნეტი ერთ კაბელით; მათი რაოდენობა დამოკიდებულია კამერების განთავსებაზე.
5. დამატებითი კომპონენტები
- UPS — რომ ელ-ენერგიის გათიშვისას სისტემა არ გაჩერდეს;
- ხედვა ტელეფონიდან — დისტანციური წვდომის უსაფრთხო გამართვა;
- ქსელის მომზადება — მაგალითად, კამერების ცალკე ქსელი.
6. არსებული ინფრასტრუქტურა
თუ ობიექტზე უკვე არის კაბელი, ჩამწერი ან ქსელი, ნაწილის ხელახლა გამოყენება შეიძლება — ეს ფასს მნიშვნელოვნად ცვლის. ამას ობიექტის ნახვის ან ფოტოების საშუალებით ვაფასებთ.
💡 ორიენტაციისთვის: CCTV კალკულატორი კამერების რაოდენობის, რეზოლუციის და ჩაწერის დღეების მიხედვით აჩვენებს, რამდენარხიანი ჩამწერი და რა ზომის დისკი დაგჭირდებათ. ზუსტ შეთავაზებისთვის — შეკვეთის ფორმა.
რატომ არ ვასახელებთ „ფასს ერთ კამერაზე“
ერთი კამერის ფასი შეიძლება მცირე ნაწილი იყოს: ხშირად ღირებულებას კაბელის გაყვანა, ჩამწერი, დისკი და მონტაჟის სირთულე განსაზღვრავს. ამიტომ ჯერ ობიექტის მოთხოვნებს ვადგენთ, შემდეგ — ზუსტ შეთავაზებას ვამზადებთ.