ფაილები დაიშიფრა და ეკრანზე გამოსასყიდის მოთხოვნაა? პანიკის ნაცვლად — სწორი ნაბიჯები, რომლებიც ზიანს ამცირებს და აღდგენას ამარტივებს.
Ransomware (გამომძალველი ვირუსი) ფაილებს დაშიფრავს და მათ „დაბრუნებისთვის“ თანხას ითხოვს. ასეთ დროს ყოველ წუთი მნიშვნელოვანია: ვირუსი შეიძლება ქსელიდან სხვა კომპიუტერებზე და სერვერზე გავრცელდეს.
1. გათიშეთ კომპიუტერი ქსელიდან
- ამოიღეთ ქსელის კაბელი და გათიშეთ Wi-Fi.
- ნუ გათიშავთ კომპიუტერს ელექტროენერგიიდან ნაჩქარევად — ოპერატიულ მეხსიერებაში შეიძლება დარჩეს ინფორმაცია, რომელიც ანალიზისთვის ან აღდგენისთვის გამოდგება. ქმედება შეუთანხმეთ IT-ს.
- თუ შეტევის ნიშნები რამდენიმე კომპიუტერზე ჩანს — გათიშეთ ისინიც, საჭიროების შემთხვევაში ინტერნეტიც.
2. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ IT-ს
დაურეკეთ IT-ს ან თქვენს IT პარტნიორს. ნუ ცდილობთ ფაილების „აღდგენას“ ინტერნეტიდან ჩამოტვირთული პროგრამებით — ასე შეიძლება ფაილები სამუდამოდ დააზიანოთ.
3. ნუ იხდით და ნუ ესაუბრებით თავდამსხმელებს
გადახდა არ იძლევა გარანტიას, რომ ფაილები დაბრუნდება, შეტევა კი, შესაძლოა, განმეორდეს. ნუ ცდილობთ თავდამსხმელებთან კონტაქტს, სანამ IT-ს და ხელმძღვანელობას არ ესაუბრებით.
4. შეინახეთ მტკიცებულებები
- გადაიღეთ ეკრანი — გამოსასყიდის შეტყობინება, ფაილების ახალი დაბოლოებები;
- ჩაინიშნეთ, როდის შეამჩნიეთ პრობლემა და რა ხდებოდა მანამდე (მაგ. გახსნილი დანართი ან ბმული).
5. შეამოწმეთ Backup-ი
IT-ის ხელმძღვანელობით შეამოწმეთ, დაზიანდა თუ არა Backup. ყველაზე საიმედოა ოფლაინ ან ცვლილებისგან დაცული (immutable) ასლი. აღდგენა დაიწყეთ მხოლოდ ვირუსის მოშორების შემდეგ — თორემ ფაილები ისევ დაიშიფრება.
💡 რჩევა: შეადგინეთ წინასწარ ერთ-გვერდიანი ინსტრუქცია — ვის დაურეკოთ, როგორ გათიშოთ ქსელი, სად არის Backup-ი. ინციდენტის დროს ფიქრის დრო არ არის.
6. შეცვალეთ პაროლები
დაზიანებული კომპიუტერიდან გამოყენებული ანგარიშების პაროლები — ელ-ფოსტა, VPN, ბანკი — შეცვალეთ სუფთა მოწყობილობიდან.
როგორ ავიცილოთ თავიდან
- Backup 3-2-1 წესით, ერთი ასლი — ოფლაინ;
- MFA ელ-ფოსტაზე, VPN-ზე და ადმინ-ანგარიშებზე;
- სისტემების და პროგრამების რეგულარული განახლება;
- თანამშრომლების ინფორმირება ფიშინგის შესახებ;
- ადმინისტრატორის უფლებები — მხოლოდ მათ, ვისაც სჭირდება.
შეამოწმეთ, რამდენად მზადაა თქვენი Backup-ი — Backup-ის ტესტი 10 კითხვით.