საქართველოში ამ ეტაპზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და დანერგვის მკაფიო ხედვა არ არსებობს, თუმცა მრავალი სახელმწიფო სულ უფრო აქტიურად იწყებს ხელოვნური ინტელექტის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვას. მაშ ასე, განვიხილოთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, 2017 წლიდან ახალი თანამდებობა დამტკიცდა — ხელოვნური ინტელექტის მინისტრი. აღნიშნულ თანამდებობაზე ომარ სულთან ოლამა დანიშნეს — იგი დაკავებულია ქვეყანაში იმ სტარტაპების მოზიდვით, რომლებიც მანქანური დასწავლისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობენ. ქვეყნის ხელისუფლებას, კარგად ესმის, რომ ოდესღაც ნავთობის მარაგი ამოიწურება და ქვეყანას ახალი მიმართულებების ათვისება სჭირდება.
მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვის სტრატეგიის მიხედვით, რომელიც 2071 წლამდეა გაწერილი ( ზუსტად ამ წელს უსრულდება საამიროებს 100 წელი), მინისტრმა ოლამამ, მთავრობის მუშაობის პროდუქტიულობის და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის ამაღლება უნდა უზრუნველყოს. განვლილი სამი წლის მონაცემებით კი მინისტრმა შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია.
მაგალითად, ახალი მინისტრის პირობებში, ქვეყანაში გაეშვა ახალი ჭკვიანი სერვისი, სახელწოდებით Saad, რომელიც მეწარმეებს სხვადასხვა სახის კონსულტაციას უწევს. სერვისი ბიზნესმენებს ურჩევს, თუ როგორ აწარმოონ ბიზნესი, აწვდის ამომწურავ ინფორმაციას კომპანიის და სავაჭრო ნიშნის, ასევე პატენტისა და ლიცენზიის რეგისტრაციის შესახებ.
გარდა ამისა, ოლამამ დუბაიში გატესტა ფარმაცევტული სმარტ სერვისი, რომელიც რობოტი-ფარმაცევტის სახითაა წარმოდგენილი. ახალი რობოტი მოქალაქეებს თავად ურჩევს სამკურნალო საშუალებებს. გარდა ამისა, აფთიაქში მისულ მოქალაქეს აღარ სჭირდება რეცეპტის წარდგენა, რადგან ექიმი თავად უგზავნის რობოტს რეცეპტს ელექტრონულ ფორმატში. დუბაის ჯანდაცვის სააგენტო თვალთან დაკავშირებული დაავადებების გამოსავლენად კი სპეციალურ ნეიროქსელს იყენებს — ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც თვალის ბადურის ათობით ათასი სურათი შეისწავლა, ოფთალმოლოგებს დიაგნოზის სწრაფად დასმაში ეხმარება.
დუბაის აეროპორტში კი მინისტრმა სახის ამომცნობის ტექნოლოგია დანერგა, რომელიც ქვეყანას დამნაშავეების გამოვლენაში ეხმარება. ნეიროქსელის შესაძლებლობებს ასევე აქტიურად იყენებენ სამოქალაქო ავიაციაში, საჰაერო მიმოსვლის სამართავად. აბუ-დაბის სკოლებში კი ხელოვნური ინტელექტი ინდივიდუალურად, თითოეული მოსწავლისთვის ადგენს სასწავლო პროგრამას.
2020 წლის აპრილის თვიდან კი, ხელოვნური ინტელექტი უკვე პოლიციის სამსახურშია. ტექნოლოგიის ამოცანაა დაადგინოს, აქვს თუ არა მოქალაქეს ავტომობილით გადაადგილების უფლება. ქვეყანაში, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო, ავტომობილით გადაადგილება სპეციალური საშვებით იყო შესაძლებელი და ზუსტად ამ სისტემის ეფექტიანობის ასამაღლებლად იქნა გამოყენებული ახალი ხელოვნური ინტელექტი. მინისტრი გეგმავს, რომ 2030 წლისთვის, ქვეყნის ტრანსპორტის 25% უპილოტოდ იმართებოდეს.
2019 წლის დასაწყისში, შანხაის სახალხო სასამართლო #2-ში, იურისპრუდენციის ისტორიაში პირველად, საქმე განიხილა მოსამართლემ “სისტემა 206”-მა. საქმის განხილვის დროს, ხელოვნურ ინტელექტს ეკრანზე გამოქონდა საქმესთან დაკავშირებული და გამოძიების შედეგად მოპოვებული ყველა მტკიცებულება და იგი ასევე ისმენდა მოსარჩელისა და მოპასუხე მხარეების არგუმენტებს. მხარეთა საუბარი სისტემა 206-მა უშეცდომოდ “მოისმინა” და არგუმენტებით გამყარებული და სამართლიანი განაჩენი გამოიტანა.
დღეს, სისტემა 206, ჩინეთის რამდენიმე საქალაქო სასამართლოში “მუშაობს”. ამ ტენდენციის მიხედვით, მოგვიანებით, სისტემა 206 ქვემდგომ სასამართლოებშიც გამოჩნდება. აღნიშნული საკითხი ფართოდ განიხილებოდა იურისტების ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე. ნიუკასლის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, მომავალში, მარტივ სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებას ხელოვნური ინტელექტი მიიღებს, თუმცა ამავე სისტემის გამოყენება ოჯახურ და კრიმინალურ სფეროში ნაკლებად სავარაუდოა. ტანია სურდინის აზრით, ყველაზე პოპულარული იქნება “მოსამართლის ასისტენტი”, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე იმუშავებს.
ამავე 2019 წელს, პეკინის სასამართლოში ახალი თანამშრომელი გამოჩნდა — რობოტი-მოსამართლე, რომელიც სასამართლო დავების მომსახურების ონლაინ-ცენტრს კურირებს. იგი რეალური ადამიანის პროტოტიპს წარმოადგენს. ნამდვილი მოსამართლისგან განსხვავებით, რობოტი-მოსამართლე რუტინულ ამოცანებს ასრულებს. სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიზანი არა რეალური თანამშრომლების ჩანაცვლება, არამედ მათთვის სამუშაოს შემსუბუქებაა, რაც სახელმწიფო სერვისებს უფრო ეფექტიანს და ხელმისაწვდომს გახდის.
იაპონიაში დემოგრაფიული პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას — ქვეყანაში ძალიან ბევრი მარტოსული ადამიანია, რის გამოც შობადობა მკვეთრად ეცემა, ერი ბერდება და იზრდება სუიციდის შემთხვევების რაოდენობა. ეს ყველაფერი კი პირადი ცხოვრების არქონის გამო ხდება. ცოტა ხნის წინ, იაპონიის მთავრობამ ახალი თანამდებობა დაამტკიცა. მარტოობასთან ბრძოლის მინისტრი აქტიურად აპირებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას შობადობის გასაზრდელად. უცნაურად ჟღერს, თუმცა ინიციატივის არსი მარტივია: ქვეყანა დააფინანსებს გაცნობის სერვისებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. თავდაპირველად მთავრობა ამ მიმართულებით $19 მილიონის დახარჯვას გეგმავს.
იაპონიის მინისტრთა კაბინეტში დარწმუნებულები არიან, რომ ხელოვნური ინტელექტი მოქალაქეებს შესაფერისი პარტნიორის აღმოჩენაში უკეთესად დაეხმარება.
გაცნობის სერვისის ჭკვიანი ქსელი შემდეგნაირად იმუშავებს: იაპონიის თითოეულ პრეფექტურაში გაცნობის საკუთარი ქსელი ამოქმედდება. მასში ადგილობრივები დარეგისტრირდებიან და ვრცელ სარეგისტრაციო ფორმას შეავსებენ. ხელოვნური ინტელექტი გაანალიზებს მიღებულ მონაცემებს და ამის საფუძველზე ყველაზე შესაფერის კანდიდატებს შეურჩევს მარტოხელა ადამიანს.
მთავრობა იმედოვნებს, რომ გაცნობის სერვისების დაფინანსება ამ ტექნოლოგიას ახალ საფეხურზე აიყვანს, ხოლო ხელოვნური ინტელექტი, ადამიანების დაწყვილებისას ისეთ კრიტერიუმებს გაითვალისწინებს, როგორებიცაა ჰობი, ცხოვრებისეული შეხედულებები, მუსიკალური და ლიტერატურული გემოვნება და სხვა.
თუმცა ამ ინიციატივას კრიტიკოსებიც ყავს. ანთროპოლოგი საჩიკო ჰორიგუჩის აზრით, მთავრობამ პრობლემა არასწორად შეაფასა. მეცნიერი მიიჩნევს, რომ მთავრობამ პირველ რიგში ახალგაზრდებს შემოსავლების გაზრდაში უნდა დაეხმაროს.